logo
ENG



ახალი პოლიტიკური ხრიკი ოცნებისგან - ოპოზიცია კალაძის შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს

18 თებ 202020:43
3 წუთის საკითხავი
 

ახალი პოლიტიკური ხრიკი „ქართული ოცნებისგან“ - გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ჩაშლილი მოლაპარაკებების მაგიდასთან ბიძინა ივანიშვილის გუნდი პარტიებს ინდივიდუალურად ეპატიჟება.

შესაბამისი განცხადება დღეს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა. მის განცხადებას წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარის ულტიმატუმი, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიციას არჩევნების 100/50-ზე პრინციპით ჩატარებასთან დაკავშირებით, შეთავაზებაზე დათანხმებისათვის ვადა თვის ბოლომდე აქვთ.

გაერთიანებული ოპოზიცია დაშლას არ გეგმავს და დარწმუნებულია, რომ „ოცნების“ დიალოგის ახალი კონფიგურაცია სწორედ ოპოზიციური ერთობის დაზიანებას ისახავს მიზნად.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, 100/50 არ უზრუნველყოფს არჩევნებზე მიღებული ხმების სამართლიანად გადანაწილებას და ამ სისტემით მანდატების დიდ ნაწილს ისევ დაბალი მხარდაჭერის პარტია მიიღებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ  თუ ხელისუფლებას  დიალოგი სურს, მაშინ პოლიტპატიმრები  უნდა გაათავისუფლოს და უკვე მათ მიერ წარდგენილი წინადადებებიდან მისაღები შეარჩიოს - ე.წ. გერმანული მოდელი და 130/20-ზე შერეული სისტემა.

არჩევნების 100/50-ზე  პრინციპით ჩატარებას მხარს არ უჭერს უმრავლესობის წევრთა ნაწილიც. კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ  პირველ ეტაპზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გუნდში მხოლოდ ის ეწინააღმდეგებოდა და  დაპირისპირება ჰქონდა პოლიტიკურ ლიდერებთან.

ჩაშლილ მოლაპარაკებებსა და ამის გამომწვევ მიზეზებზე დღეს ოპოზიციის ლიდერები ამერიკის ახლად დანიშნულ ელჩს ესაუბრნენ. დახურული შეხვედრის შემდეგ, ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ მოკლე ინფორმაციაში წერია, რომ ყველა მხარის აქტიური მონაწილეობა მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგში მნიშვნელოვანია, ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. 


close დახურვა