შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაგებში, საბაგიროს დაცვის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს.
უწყების ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული თ.კ. ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ა.მ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს, თ.კ.-მ საბაგიროს თანამშრომელს, 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მეგობართან - ა.მ.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.