ბაგებში მომხდარი სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უცნობია დაჭრილების რაოდენობა ისინი ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, პერიმეტრი კვლავინდებურად გადაკეტილია. მედიის და საზოგადოების წარმომადგენლებს არ ეძლევათ შესვლის უფლება. ადგილზე რამდენიმე ათეული საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი მუშაობს.
ერთ-ერთმა თვითმხილველმა „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე ნაცრისფერი BMW-ს ტიპის ავტომობილი დაინახა, სადაც რამდენიმე კაცი ჩაჯდა და გაიქცნენ, შემდგომ ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა.
სამუშაოები საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე ბაგებში ტყის მასივის ტერიტორია.
შსს-ს ცნობით გამოძიება ორი მუხლით არის დაწყებული. ეს არის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარება. უწყებაში მუხლის კვალიფიცირებას არ გამორიცხავენ, ვინაიდან გამოძიება კიდევ მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ვიდეოკადრების ჩანაწერები უკვე ამოიღეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სროლა იყო. მოქალაქეების თქმით, სროლის ხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა.