ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 63 ადამიანი, მათ შორის 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, დაშავდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების - გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.
"ფორმულანიუსი" ესაუბრა ერთ-ერთი დაშავებულის, ილია თაყაძის ძმას, რომელიც აცხადებს, რომ ნახევარიი საათის წინ ჰქონდა ძმასთან კომუნიკაცია და ის თავს კარგად გრძნობს.
მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, დაშავებულები ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად აგრძელებენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის" სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.