logo
ENG



ბადრი ბიწაძე: კარტოგრაფების საქმე ავანტიურისტული და პოლიტიკურია

21 იან 202117:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/21/x46tmu25jsu0wef.jpg

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე აცხადებს, რომ კარტოგრაფების საქმე ავანტიურისტული და პოლიტიკურია.

ამის შესახებ მან გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, სადაც დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს დაახლოებით 3 საათის განმავლობაში პასუხობდა.

"მე მაქვს ჩემი პირადი შეხედულება როგორც პროფესიონალს და როგორც მოქალაქეს, რომ ეს საქმე არის ავანტიურისტული და პოლიტიკური", - განაცხადა ბიწაძემ.

რაც შეეხება უწყებაში დაბარების მიზეზს, მისი თქმით, გამოკითხვა 2006 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ეხებოდა, რომელსაც სადემარკაციო კომისიის წევრები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბიწაძის განცხადებით, სწორედ ამ შეხვედრის ნაწილში ახსენებს მას ივერი მელაშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც დღეს პროკურატურამ გაასაჯაროვა.

"მარტში როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, არავითარი ტერიტორიული ცვლილება არ მომხდარა არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა საზღვარი არც იქეთ, არც ჩვენსკენ. მე კომისიის რაიმე საქმიანობაში მონაწილეობა არ მიმიღია. ეს იყო წარმომადგენლობით შეხვედრა დელეგაციების, რომელზეც ორივე მხარე გამოთქვამდა იმას, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს შეთანხმება ორ მოძმე რესპუბლიკას შორის. მელაძესთან სატელეფონო ან რაიმე სხვა [კომუნიკაცია] არ გვქონია", - განაცხადა ბადრი ბიწაძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 21 იანვარს, ფარული ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც, მათი ინფორმაციით, დაკავებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული. საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ჩანაწერით "დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს".


close დახურვა