logo
ENG



ბადრი ჯაფარიძე: ცესკოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ დახურა ბევრი შესაძლებლობა

14 ნოე 202014:13
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქით, ცესკოს მიერ გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საჩივრების დაუკმაყოფილებლობის შესახებ, ყველა კარი დახურა.

მისივე თქმით, ამ მოცემულობაში საზოგადოება ვერ გაიგებს, რატომ ასაჩივრებს ოპოზიცია არჩევნებს და რატომ უწოდებს მას გაყალბებულს.

"სამწუხაროდ ცესკოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ დახურა ბევრი შესაძლებლობა რომ მომხდარიყო ყველა საჩივრის განხილვა. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი - საჩივრების უარყოფის მაგივრად, უნდა მომხდარიყო მათი ღია განხილვა, რათა საზოგადოებას სცოდნოდა ოპოზიცია რის საფუძველზე ასაჩივრებდა ამა თუ იმ უბანზე არჩევნებს. ეს სამწუხაროდ არ მოხდა და ეს კარი დაიხურა გუშინ ცესკოს გადაწყვეტილებით",-თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 

ოპოზიციის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 13 ნოემბერს შემაჯამებელი სხდომის ჩატარებამ და ოპოზიციის და NGO-ების ყველა საჩივრის დაუკმაყოფილებლობამ დიალოგის ისედაც რთული პროცესი კიდევ უფრო გაართულა. 

ოპოზიციას აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე მოლოდინი ჰქონდა, რომ ქართულ ოცნებას შექმნილ ვითარებაში კონკრეტული წინადადებები ექნებოდა. თუმცა, არჩილ თალაკვაძის ინიციატივა, მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 

უცნობია ქართული ოცნების მხრიდან შეთავაზებული ინიციატივის დეტალები, მაგრამ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, მხარებს შორის სავარაუდოდ მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება. 


close დახურვა