„ბაზისბანკმა“, მარეგულირებლისგან შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ, „ლიბერთი ბანკის“ შეძენის პროცესი დაასრულა და მისი აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. გარიგების შედეგად, ბიზნეს პროცესების კოორდინირებულად მართვის მიზნით, ორივე ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას დავით ცაავა დაიკავებს.
მიმდინარე ეტაპზე ორივე ფინანსური ინსტიტუტი საქმიანობას დამოუკიდებელ რეჟიმში აგრძელებს. მომხმარებლებისთვის სერვისები, პროდუქტები და მომსახურების არხები უცვლელია — „ბაზისბანკის“ კლიენტები კვლავ „ბაზისბანკში“ მიიღებენ მომსახურებას, ხოლო „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები — „ლიბერთი ბანკში“.
„ბაზისბანკის“ მთლიანი აქტივები 4.9 მლრდ ლარს შეადგენს, საკრედიტო პორტფელი 3.3 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების მოცულობა 3.5 მლრდ ლარს აღწევს. ბანკის წმინდა მოგებამ 122.4 მილიონი ლარი შეადგინა.
„ლიბერთი ბანკის“ აქტივები 5.8 მლრდ ლარია, საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დეპოზიტების პორტფელი — 4.17 მლრდ ლარს. ბანკი 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. მისი ქსელი 500-მდე მომსახურების ცენტრსა და 700-მდე ბანკომატს მოიცავს. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა.
