logo
ENG



ბათუმის დინამოს პრეზიდენტის შვილს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების საქმეზე ბრალდება წარუდგინეს

30 იან 202418:12
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმის დინამოს პრეზიდენტის შვილს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების საქმეზე ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბათუმის დინამოს პრეზიდენტის შვილია და მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

უწყების ცნობით, გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გ. ბ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, მაკაროვის სისტემის და ბერეტა ბრევ.950 მოდელის პისტოლეტებს, ასევე, 17 ცალ საბრძოლო ვაზნას.

მათი განცხადებით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა 25 იანვარს ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანიდან იქნა ამოღებული - სამართალდამცველებმა გ.ბ. იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


close დახურვა