logo
ENG



ბათუმის საკრებულოს სხდომას ქართული ოცნება არ დაესწრო, სხდომა ჩაიშალა

23 დეკ 202112:52
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა. სხდომას მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატები ესწრებოდნენ, ქართული ოცნების წევრები კი არ გამოცხადდნენ.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე უნდა არჩეულიყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თავმჯდომარის გარეშე საკრებულო უფუნქციოა, რაც ქალაქში ქმნის კრიზისს, რადგან ვერ ხერხდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სხვა სახის საკითხების გადაწყვეტა.

საკრებულოს სხდომა ოპოზიციამ მოიწვია. როგორც ისინი ამბობენ, ორი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განხილულიყო - თავმჯდომარის არჩევა და ბიუჯეტი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულომ მიიღო.

"ბათუმის საკრებულოს რიგით მეორე სხდომა, რომელიც მოიწვია ოპოზიციამ იმისთვის, რომ არსებული კრიზისი განმუხტულიყო. დღეს ამ კრიზისის დასრულებაში დაინტერესებულია მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციური პარტიები. ამ სხდომას ესწრებოდა ლელო, გახარიას გუნდი, ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ამ სხდომაზე არ გამოცხადდა ქართული ოცნების არც ერთი დეპუტატი. სხდომა ჩაშლილია, ეს პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებას", - განაცხადა საკრებულოს წევრმა ლელოდან ირაკლი კუპრაძემ.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელი იყო იმ საკითხების განხილვა, რომელიც სხდომაზე ოპოზიციამ დააყენა. ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე, თენგიზ აფხაზავა ამბობს, რომ ქალაქის ბიუჯეტი დამტკიცებულია, რაც კრიზისს გამორიცხავს და ოპოზიციას დესტრუქციაში ადანაშაულებს.

"არც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ, რომელიც წარმოდგენილია საკრებულოში, არ გადმოდგმულა შემხვედრი ნაბიჯი. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგო დესტრუქციული ძალაა, კვლავ აგრძელებს ასეთ დესტრუქციულ ქმედებას და რჩება ქუჩის ოპოზიციად. ამის დასტურია საკრებულოს თუნდაც პირველი სხდომა. ამის დემონსტრირება დღევანდელი სხდომა, როდესაც მათ დღის წესრიგში შეიტანეს ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ბათილად ცნობის საკითხი", - განაცხადა აფხაზავამ.


close დახურვა