ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული კაცი შეიჭრა.
ინფორმაცია ფორმულას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა დაუდასტურა.
როგორც მან აღნიშნა, თავდამსხმელმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, ეპარქიის კარი შეამტვრია. ის პოლიციის თანამშრომელმა და სტიქაროსანმა შეაკავეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს.
"დღის 4 საათი იქნებოდა, როდესაც ერთი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება ფეხით ამტვრევს რეზიდენციის კარებს და შედის შიგნით. იქ მყოფი სტიქაროსანი აჩერებს მას და თვითმხილველი იყო იქვე პოლიციის თანამშრომელი, რომელიც შეჰყვება ამ პირს რეზიდენციაში, შეაკავებენ, აღმოაჩენენ, რომ ის იყო დანით შეიარაღებული. ეს პიროვნება იგინება, შეურაცხყოფას აყენებს პოლიციელს და სტიქაროსანსაც. გაურკვეველია მისი ვინაობა, იმდენად ნასვამი იყო ვერ ამბობდა, ვერ აყალიბებდა, რატომ ჩაიდინა ეს. გადაიყვანეს განყოფილებაში", - განაცხადა იოანე გორელიშვილმა.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა.