ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან 17:00 საათზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციაზე ოპოზიციის ლიდერებს თბილისიდანაც ელოდებიან.
აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშლილია კარვებიც.
"მთავარ გზავნილებს ხელისუფლებას ბათუმიდანაც ვეტყვით - რომ არჩევნები გაყალბებულია, რომ საზოგადოება არ ეგუება მოპარულ არჩევნებს და რომ ამ ქვეყნისთვის მთავარია სამართლიანი არჩევნები, ანუ ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ მეორე ტურში მონაწილეობას არ ვიღებთ. ბიულეტენში იქნება ოპოზიციის წარმომადგენლის სახელი და გვარი, იმიტომ, რომ სამართლებრივად არ არსებობს მისი ამოღების გზა, მაგრამ ჩვენი ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივა". - ამბობს მირდატ ქამადაძე, ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი.
ოპოზიცია 31ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, მას გაყალბებულად მიიჩნევს და ითხოვს ხელახალი არჩევნების დანიშვნას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თბილისშიც. ბოლო აქცია გუშინ, 14 ნოემბერს გაიმართა. შემდგომი დემონსტრაცია 17 ან 18 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტის პარალელურად ჩატარდება.