logo
ENG



ბათუმში აქცია იმართება

22 დეკ 201912:12
3 წუთის საკითხავი
 
dadse0eyt8h81ue.png

ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. მშვიდობიანი მსვლელობა 6 მაისის პარკიდან დაიწყება და ერას მოედანზე დასრულდება. 

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი არ შეწყვეტენ პროტესტს მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და 2020 წელს არჩევნები არ ჩატარდება პროპორციული წესით.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ხალხის მოთხოვნა არის პროპორციული არჩევნები და მთავრობა უნდა ემსახუროს მას.

„სრულიად ცივილიზებული საზოგადოება მხარს უჭერს ჩვენს მოთხოვნას, რომ ნორმალური არჩევნები ჩატარდეს და ხალხს ემსახუროს ხელისუფლება, და ძალაუფლება არ იყოს მიტაცებული. ეს იქნება ჩვენება იმის, რომ ჩვენ მშვიდობიანები ვართ, მაგრამ პროტესტი არის ძალიან დიდი", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მურმან დუმბაძე არ გამორიცხავს წნეხის კიდევ უფრო გაძლიერებას, თუკი მთავრობა არ დაიხევს უკან. თუმცა ის, ამავდროულად, იმედოვნებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეყოფა გონიერება და წავა დათმობაზე.

„ეს იქნება პრესინგი და პრესინგი გაძლიერდება, თუკი ივანიშვილი კიდევ უფრო გაჯიუტდება. ის დაიხევს უკან, რადგან დანაპირები უნდა შესრულდეს. მან დანაპირები უნდა შეასრულოს და მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ეყოფა მას პოლიტიკური გამჭრიახობა იმისა, რომ არ მიიღოს ის პრესინგი, როგორიც ხდება“, - განაცხადა მურმან დუმბაძე.

პაატა დავითაია კი ხელისუფლებას კონსენსუსისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელი სრულად შეესაბამება საზოგადოების მოთხოვნას.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოიქცეს გონიერად და შეასრულოს მოთხოვნები. შეიძლება საერთო შეხების წერტილების მოძებნა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსტიტუციურ ჩარჩოებში", - ამბობს პაატა დავითაია.

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ბათუმში, დღეს, 2 საათზე დაიწყება. 


close დახურვა