ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, ის კლინიკაში მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობებით, გუშინ საღამოს შეიყვანეს. მათივე თქმით, პაციენტს გუშინვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია:
"შემოვიდა გუშინ, საღამოს დაახლოებით 10-ის 15 წუთზე, მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობით. მძიმე მდგომარეობა იყო და დაუყოვნებლივ იყო შეყვანილი საოპერაციოში. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, ოპერაცია ჩატარდა წარმატებით. ამჟამად პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტი არის სტაბილური, მძიმე",-ამბობს ექიმი.
გუშინ, 3 დეკემბერს ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.