ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს და წერს, რომ მომხდარი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა.
გამოცემის თანახმად, ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა მოსწავლეზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
მასწავლებელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ და საქმის არსებით განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
გამოცემის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასწავლებლის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობს. ის პერიოდულად მასწავლებელსა და ბავშვს შორის დგას და ცდილობს ბავშვი მასწავლებლის აგრესიისგან დაიცვას. არის კადრი, სადაც ჩანს, როგორ იშორებს ქალს ცეკვის მასწავლებელი ხელის კვრით და ერთ მომენტში ფეხსაც ურტყამს.
გამოცემას ინფორმირებული პირი ეუბნება, რომ ეს ქალი მასწავლებლის ცოლია, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში არ მუშაობს და "ის მეუღლეს [ცეკვის მასწავლებელს] ეხმარებოდა".
კაცი მომხდარის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.