ამერიკის შეერთებული შტატები რუსული ნავთობის და ბუნებრივი აირის იმპორტს კრძალავს.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსული ნავთობი აღარ შევა ამერიკულ პორტებში.
"ჩვენ არ გვინდა პუტინის ომის სუბსიდირება". - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, გადაწყვეტილება პარტნიორებთან კონსულტაციით მიიღო.
"ზოგ ქვეყანას არ შეუძლია, შემოუერთდეს ამ სანქციებს. ჩვენ შეგვიძლია ამ ნაბიჯის გადადგმა მაშინ, როცა სხვებს არ შეუძლიათ. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ მათთან გრძელვადიან სტრატეგიაზე, რათა შევამციროთ მათი დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე. ჩვენ ვრჩებით ერთიანები ჩვენს მიზანში, გავაგრძელოთ ზეწოლა პუტინსა და მისი ომის მანქანაზე". - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა ასევე მიმართა ნავთობისა და გაზის კომპანიებს და აღნიშნა, რომ ომი და მისი შედეგები არ უნდა იყოს ფასების ზრდის საბაბი და რომ "ამას არ მოითმენს".
ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯს, რათა პუტინს დამატებითი დარტყმა მივაყენოთ. მაგრამ ფასის გადახდა ჩვენც მოგვიწევს. მე ადრეც ვთქვი, რომ თავისუფლების დასაცავად ფასის გადახდა ჩვენც დაგვჭირდება. რესპუბლიკელებს და დემოკრატებს ესმით ეს". - თქვა ჯო ბაიდენმა.