logo
ENG



ბაიდენმა ჯორჯიას შტატიც მოიგო და საბოლოოდ 306 დელეგატის ხმა დააგროვა

20 ნოე 202011:01
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/20/5dwi0aoxtdviy0k.png

ჯორჯიის შტატში ხმების დათვლა დასრულდა, შტატში დემოკრატმა კანდიდატმა და აწ უკვე აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. საბოლოო ანგარიშით, ბაიდენმა 306 დელეგატის ხმა დააგროვა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა კი - 232. 

ჯო ბაიდენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად 7 ნოემბერს დასახელდა, როდესაც მან პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და 270 ხმიანი მიჯნა გადალახა. 

ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ პენსილვანიის შტატმა გადაწყვიტა, ბაიდენმა ტრამპს შტატში 34 000 ხმით მოუგო. 

პენსილვანიის შტატი ერთ-ერთი იყო იმ შტატებიდან, რომლის შემობრუნებაც ბაიდენს არჩევნებში გასამარჯვებლად სჭირდებოდა, მიჩიგანის, არიზონას და ვისკონსინთან ერთად. ხმათა 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ სამივე შტატი საბოლოოდ გალურჯდა. 

ბაიდენის კონკურენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი უკვე რამდენიმე კვირაა საჯაროდ აცხადებს, რომ სხვადასხვა შტატის შედეგების გასაჩივრებას გეგმავს, რადგან, მისი თქმით, მრავალ შტატში (ჯორჯია, პენსილვანია, მიჩიგანი) ხმები გაყალბდა. თუმცა ყველა სამართლებრივი პროცედურის გათვალისწინებით, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს უნდა შედგეს. 

ბაიდენი (78 წლის) ინაუგურაციის დღეს ამერიკის ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი იქნება, კამალა ჰარისი კი აშშ-ის პირველი ქალი და პირველი შავკანიანი ვიცეპრეზიდენტი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 28 წლის შემდეგ პირველად ამერიკელმა ხალხმა ქვეყნის პრეზიდენტი პირველი ვადის გასვლის შემდეგ გადაირჩია. ბოლო ასეთი შემთხვევა 1992 წელს მოხდა, როდესაც უფროსი ჯორჯ ბუში დემოკრატ ბილ კლინტონთან პირველი ვადის გასვლის შემდეგ დამარცხდა. 


close დახურვა