logo
ENG



ბაკურ კიღურაძე ერთ-ერთია შემწირველებს შორის, რომელმაც ქართული ოცნება 50 000 ლარით გაამდიდრა

29 მაი 202020:29
3 წუთის საკითხავი
 

2010 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე ერთ-ერთია იმ შემწირველებს შორის, რომელმაც პანდემიის დროს „ქართული ოცნება“ გაამდიდრა. მან პარტიას 50 000 ლარი შესწირა, კოვიდ 19-ის პირობებში, როდესაც ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე იმყოფებოდა, მმართველი გუნდი ბიზნესისგან 2 მილიონი ლარით დასაჩუქრდა. კიღურაძე, რომელიც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა, ამბობს,რომ ქართული ოცნებისგან მიღებული სიკეთის გამო, მზადაა მეტი თანხაც გაიღოს

ხელისუფლების ოპონენტებისთვის ოცნების შემწირველთა შორის კიღურაძის არსებობა სამარცხვინო ფაქტია - საპარლამენტო ოპოზიცია ფიქრობს, რომ ოცნების ხელისუფლება ჩაკეტილ წრეზე მოძრაობს. მიიჩნევენ რომ შემწირველებს მმართველი პარტია გაღებულ თანხას სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებითა და მარტივად აღებული ნებართვებით უფასებს. ბიზნესი რომელიც ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ აფინანსებს ოლიგარქიული სისტემის ნაწილია. 

„ქართულ ოცნებაში“ პრობლემას ვერ ხედავენ, რომ წინასაარჩევნოდ შემწირველთა მხრიდან გაღებული თანხის 90%-ზე მეტი მათ ანგარიშზე მოდის. პარტიის ლიდერები ღიად ამბობენ, რომ ბიზნესი მხარს იმის გამო უჭერს რომ 2012 წლამდე ბიზნესი თავისუფალი არ იყო და ახლა მათ ოცნების ხელისუფლების შენარჩუნება სურთ. 

მესამე სექტორში კი მანკიერ ტენდენციაზე მიუთითებენ და ფიქრობენ, რომ სტატისტიკა ელიტურ კორუფციასა და დემოკრატიის შესუსტებას ააშკარავებს. პარტიას რომ შემწირველები ჰყავს მათთვის უცნაური არაა. თუმცა საეჭვო ისაა, რომ ბიზნესის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა თანხას სახელისუფლებო პარტიას სწირავს. მსხვილ შემომწირველებს შორის არიან ლილო მოლთან დაკავშირებული ბიზნესმენები, რომლებმაც თითქმის 400 ათასი ლარი გაიღეს. ერთგულ შემომწირველთაგან ერთ-ერთი, გიორგი გაგუა შპს „სევსამორას“ 100%-იანი წილის მფლობელი, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ახალი სასტუმროს ასაშენებლად საგურამოში 2019 წელს თითქმის 4 მილიონი ლარი მიიღო. 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ შეიძლება იყოს 120 000 ლარზე მეტი. მესამე სექტორში ფიქრობენ რომ შეზღუდვის თავიდან ასარიდებლად ოცნების მსხვილი შემწირველები თანხებს სხვადასხვა პირის სახელით რიცხავენ.


close დახურვა