logo
ENG



ბალტიის ქვეყნები გერმანიას უკრაინისთვის ტანკების დაუყოვნებლივ გადაცემისკენ მოუწოდებენ

21 იან 202321:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/21/c2zv4dm34frsjib.jpg

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გერმანიას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გადასცეს ტანკები უკრაინას.

ამის შესახებ ედგარს რინკევიჩსმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და ურმას რეინსალუმ ტვიტერზე დაწერეს.

ბალტიის ქვეყნების დიპლომატების თქმით, ტანკები აუცილებელია, რათა რუსეთის აგრესია შეჩერდეს და ევროპაში მშვიდობა აღდგეს. ამ ყველაფერში კი, მათი თქმით, გერმანიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს.

„ჩვენ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოვუწოდებთ გერმანიას, რომ უკრაინას Leopard-ის ტანკები ახლავე მიაწოდონ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთის აგრესია შეჩერდეს, დავეხმაროთ უკრაინას და სწრაფად აღდგეს მშვიდობა ევროპაში. გერმანიას, როგორც წამყვან ევროპული ძალას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ კუთხით“ - ტვიტერზე დაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

გერმანიას უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. ამავე დროს, ბერლინი უარყოფს ინფორმაციას, რომ ისინი განგებ და მხოლოდ თვითონ აფერხებენ Leopard 2-ის ტანკების გადაცემას. 

20 ივნისს გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე NATO-სა და მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეხვდნენ, სადაც უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარება უნდა განეხილათ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა პისტორიუსმა თქვა, რომ ვერ იტყვის როდის იქნება ტანკებზე გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ბერლინი მზადაა სწრაფად იმოქმედოს, თუ მოკავშირეები კონსენსუსს მიაღწევენ.

"ყველა მომხრე და მოწინააღმდეგე მხარე ძალიან ფრთხილად უნდა იქნას აწონილი", - თქვა მინისტრმა და ეს საკითხი პარასკევს განიხილებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება არ იყო მიღებული.

პისტორიუსმა არ თქვა, რომელი მოკავშირეები არიან ტანკების მიწოდების წინააღმდეგი.

როგორც ცნობილია, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მზადაა, უკრაინას ტანკები გადასცეს, რაც ევროკომისარმა, ჯოზეფ ბორელმაც დაადასტურა. ფინეთმა განაცხადა, რომ უკრაინას 400 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს და დასძინა, რომ Leopard-ის ტანკებსაც გადასცემს, თუ შესაბამისი შეთანხმება იქნება. ამავე დროს, პოლონეთის პრემიერმინისტრი ბერლინისგან მწვანე შუქს არ ელის. მთავრობაში განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ტანკს მაინც გადასცემენ.

რამშტაინის ბაზაზე შეხვედრამდე ზელენსკიმ გააკრიტიკა გერმანია ტანკების საკითხის გამო და თქვა, რომ Leopard-ს მხოლოდ თავდაცვისთვის გამოიყენებენ და რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავლენ.

"თუ გაქვთ Leoprad-ის ტანკები, მოგვეცით", - განაცხადა მან გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიით.

იმას, თუ რატომ ითხოვს უკრაინა Leopard 2-ის ტანკებს, რამდენიმე მიზეზი აქვს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ევროპაში გერმანული წარმოებული ეს ტანკი ბევრია - დაახლოებით, 3000 სხვადასხვა ქვეყანაში. ამავე დროს, აღნიშნული ტანკი მარტივია ექსპლუატაციისთვის. Leopard-ის 13 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებშია, რაც ნიშნავს, რომ ევროპაში საკმარისი სათადარიგო ნაწილი და საბრძოლო მასალაა. გარდა ამისა, Leopard ცივი ომის დროს საბჭოთა T-90-ის კონკურენტად შეიქმნა, ეს უკანასკნელი კი კვლავ მრავლად არის რუსული არმიაში. 


close დახურვა