logo
ENG



ბარაკ და მიშელ ობამებმა არჩევნებში კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადეს

26 ივლ 202413:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/26/5a063qfk12ohtwo.jpg

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

СNN ავრცელებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს კამალა ჰარისის სატელეფონო საუბარი ბარაკ და მიშელ ობამებთან. ისინი კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებენ, ვიცე-პრეზიდენტი კი მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

რამდენიმეკვირიანი განხილვებისა თუ მოწოდებების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საარჩევნო კამპანიას გამოეთიშა. თავისი გადაწყვეტილება მან მოსახლეობას წერილობითი განცხადებით აცნობა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანია 21 ივლისს დაასრულა. ბაიდენი 81 წლისაა და მის ფიზიკურ აქტივობებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაისვა, განსაკუთრებით დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. დემოკრატიული პარტიის პარტნიორები, წამყვანი სახეები თუ დონორები კულისებში სვამდნენ კითხვებს, რამდენად შეეძლო ბაიდენს ტრამპის დამარცხება.

ბაიდენი ამბობდა, რომ კამპანიის დასრულებას არ აპირებდა, თუმცა კოვიდის დადასტურებიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა თავისი ახალი გადაწყვეტილება გაასაჯაროვა. როგორც პრეზიდენტმა ახსნა, მისი განზე გადგომა ქვეყნისთვის სასიკეთო, სწორი გადაწყვეტილებაა. გარდა ამისა, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად მან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.


close დახურვა