logo
ENG



ბარამიძე: შესაძლოა შაქარაშვილი გადაიყვანეს სხვა ადგილას, შეიძლება ექიმთანაც

20 ივლ 202021:55
3 წუთის საკითხავი
 

იურისტი ალექსანდრე ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ცემის შემდეგ, სადმე გადაიყვანეს, რათა მისთვის სამედიცინო დახმარება გაეწიათ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხდა, ის წყალში დაახრჩეს

"შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის შესაძლოა გადაიყვანეს სადღაც სხვა ადგილას. შესაძლოა ტარდებოდა რაღაც გარკვეული ღონისძიებები, იმისთვის, რომ იქნებ გამოეყვანათ მდგომარეობიდან. როცა დაინახეს, რომ შეუძლებელია ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, უკვე დაახრჩეს", - ამბობს ბარამიძე.

როგორც ბარამიძემ გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" აღნიშნა, თუ ეს ვერსია რეალობას შეესაბამება, მაშინ საქმეში გაცილებით მეტი ფიგურანტი გამოიკვეთება და დამნაშავეთა წრე გაიზრდება. 

გარდა ამისა, ბარამიძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ პროკურატურა საქმის ბევრ დეტალს ხელს აფარებს. 

"პროკურატურა თუ გამოძიება ჩემი აზრით ხელს აფარებს აბსოლუტურად ყველაფერს. მათ შორის იმასაც, რომ გიორგის მიაყენეს ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში დაზიანებები, ამიტომ მოუწიათ მისი გადაყვანა სადღაც, შეიძლება ექიმთანაც, არ ვიცი. ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი ვიღაც არის ჩაბმული - მანქანა და მძღოლი, რომელმაც ის გადაიტანა, ვიღაც ადამიანები, რომლებმაც ის აწიეს და გადაიყვანეს ჯერ კიდევ ცოცხალი, ვიღაც ხალხი რომელიც, სავარაუდოდ, თავზე ადგა და ბოლოს ვიღაც ხალხი, რომლებმაც ეს 2-ფაზიანი მკვლელობა დაასრულეს", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძე. 

ცნობისთვის, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა "დროებასთან" საუბარში აღნიშნა, რომ გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს არ გარდაცვლილა.

მარიამ ჯიშკარიანი მის პოზიციას დათვალიერების ოქმში არსებული ჩანაწერით ამყარებს - იქ აღნიშნულია, რომ გარდაცვლილის სხეულის ყველა კუნთში გვამური გაშეშება შეინიშნება, რაც, წესით, გარდაცვლილის სხეულზე 4 დღე არ უნდა აღინიშნებოდეს. 

კიდევ ერთი არგუმენტი, რაც ამყრებს ვარაუდს, რომ ახალგაზრდა ბიჭის სხეული წყალში 4 დღე არ ყოფილა, ცხედრის მდგომარეობაა.


close დახურვა