logo
ENG



ბასიანი, ხიდი და მტკვარზე ვირუსის გამო, მუშაობას წყვეტენ

12 მარ 202015:25
3 წუთის საკითხავი
 
p9fs1ox8lpbm4eh.jpg

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის კლუბი "ბასიანი" ღონისძიებებს დროებით აუქმებს. ამის შესახებ განცხადება კლუბის ადმინისტრაციამ Facebook-გვერდზე გაავრცელა. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დამატებით ინფორმაციას კლუბი სიტუაციის განვითარებასთან ერთად გაავრცელებს. 

"მსოფლიო მასშტაბით შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, რომელიც კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიას უკავშირდება, ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, მათ შორის სხვა ქვეყნების გამოცდილებას და საკლუბო ღამეებს გარკვეული დროით ვაუქმებთ. დამატებით ინფორმაციას სიტუაციის განვითარებასთან ერთად მოგაწვდით.

გააზრებული გვაქვს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს ნებისმიერ სფეროს, მათ შორის დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობას. მიუხედავად იმისა, რომ პრევენციისთვის საჭირო ყველა ღონისძიებას მივმართეთ, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობას შესაძლო საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებთ, რადგან სოლიდარობა, პასუხისმგებლობა და ადამიანებზე ზრუნვა ყოველთვის დარჩება ჩვენს უმთავრეს ფასეულობად.

გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, საჯარო სივრცეებში ყოფნისგან მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, გავუფრთხილდეთ სხვის ჯანმრთელობას, როგორც საკუთარს. მხოლოდ ასე შევძლებთ გავრცელებული ვირუსის დამარცხებას და საყვარელ სივრცეებში დროულად დაბრუნებას", - წერია განცხადებაში.

ბასიანის გარდა, მუშაობას დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება კიდევ ორმა  კლუბმა მიიღო. საუბარია კლუბ "მტკვარზე" და "ხიდზე. 

"კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღეთ კლუბის დროებით დახურვის გადაწყვეტილება. ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს და საჯარო შეკრებები მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.
ახლა დროა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ, რისთვისაც თითოეული მოქალაქის და ბიზნესის პასუხისმგებლობა და სწორი მოქმედება მნიშვნელოვანია.
ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ვთვლით რომ აუცილებელი და წინდახედული ნაბიჯია", - ნათქვამია კლუბ "მტკვარზე" განცხადებაში. 

განცხადება გაავრცელა "ხიდმაც":

"კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის თავიდან ასაცილებლად, კლუბი KHIDI იღებს გადაწყვეტილებას გააუქმოს მარტში დაგეგმილი საკლუბო ღამეები. აქტიურად ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვხელმძღვანელობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მითითებებით. დროებით დახურვის გადაწყვეტილება რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე ვირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელი", - წერია განცხადებაში. 

 


close დახურვა