logo
ENG



ბასილაია: ოქმებში ხელმოწერები გაყალბებულია, პროკურატურას საჩივრებით მივმართავთ

04 ნოე 202012:25
3 წუთის საკითხავი
 
htxpiod35j01cvv.png

ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მინიმუმ 20 საარჩევნო ბიულეტენი აღმოაჩინეს, სადაც კომისიის წევრთა ხელმოწერები გაყალბებულია. იგი გეგმავს, ამ საკითხზე პროკურატურაში საჩივრები შეიტანოს და მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს, გამოკითხოს კომისიის წევრები, ასევე, ჩაატაროს კალიგრაფიული ექსპერტიზა. 

"მინიმუმ 20 ოქმი აღმოვაჩინეთ, სადაც ხელმოწერები გაყალბებულია. საუბარია, ათეულობით ხელმოწერაზე. ეს შემთხვევეითი შერჩევით გაკეთდა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია სხვა ოლქებშიც იყოს ჩადენილი მსგავსი ტიპის კრიმინალი. 

შემაჯამებელ ოქმში, კონკრეტული კომისიის წევრის მიერ გაკეთებული ხელმოწერა აბსოლუტურად განსხვავდება რამდენიმე საათში, იმავე კომისიის წევრის მიერ დასმული ხელმოწერისგან. ეს არ არის ერთი შეხედვით ვიზუალური აცდენა. ასოების ფორმის, მოყვანილობის, დახრილობის, შეუიარაღებელი თვალითაც კი მკაფიოდ ჩანს, რომ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 164-ე მე-3 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული", - თქვა ბექა ბასიალიამ ბრიფინგზე. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი დაფიქსირდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 307 საჩივარი წარადგინეს. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს. ორგანიზაცია 117 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს. 

თავად ორგანიზაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე დღეს ფორმულაში აცხადებდა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს სავსებით შესაძლებელია გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. 

"ეს ხომ მხოლოდ პროპორციული არჩევნები არ იყო, ერთმა, ორმა და ათმა ხმამ, შესაძლოა, გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს მაჟორიტარი კანდიდატებისთვის. ამიტომაც თითოეული დარღვევის გადათვლა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ოცნების მიერ პირველ ტურში მოგებული მაჟორიტარული ოლქების ნაწილი ძალიან ახლოს იყო 50%-იან ზღვართან. ამან შეიძლება სიტუაცია კარდინალურად შეცვალოს და მეორე ტურები მოიტანს ასეთ ოლქებში.

წელს რა აცდენაც ვნახეთ, [ხმების] მატების ნაწილში, მე არ მახსენდება ბოლო წლებში ასეთი არჩევნები ", - ამბობს სალაძე. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით კი, პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჯამში 170 დარღვევა დააფიქსირეს და 46 საჩივარი დაწერეს.

ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს ოპოზიციაც, მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად უცხადებენ ბოიკოტს პარლამენტს და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.


close დახურვა