ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში, სადაც გუშინ, 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი მოტყუებით მოათავსეს, "აბსოლუტურად ჯოჯოხეთური მდგომარეობაა".
მისი თქმით, საავადმყოფოში არ არის გარანტირებული არანაირი უფლება.
"მეტიც, აქ მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია". - ამბობს ბასილაია.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტი მხოლოდ იმ მედიკამენტებს იღებს, რაც 1 წლის წინ ჰოლანდიელმა დაუნიშნა. შესაბამისად, მალე შესაძლოა სააკაშვილმა გონება დაკარგოს.
ამასთან, ადვოკატი ყვება, რომ ადვოკატებს ციხის საავადმყოფოში შესვლის და გამოსვლის დროს "სერიოზულ ობსტრუქციას უწყობდნენ".
"აქ ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როცა მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებაც დგას სერიოზული რისკის ქვეშ. შესვლის და გამოსვლის დროს ადვოკატებსაც გვიწყობდნენ სერიოზულ ობტრუქციას. მათი არავის ეშინია, მაგრამ ეს არის მორალური ტერორი, მიმართული მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ.
მათი სურვილია, კრიმინალის ხელით მიხეილ სააკაშვილის, მათი დამცველების ფიზიკური ანგარიშსწორება.
პენიტენციურ სამსახურს არ აქვს ამის პრევენციის არც თავი და არც სურვილი.
დერეფანში მოძრაობა არის თავისუფალი. ეს ნიშნავს, რომ დაგეგმვის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა არის შესაძლებელი". - ამბობს ბექა ბასილაია.
მისივე განცხადებით, ადვოკატებს კვლავ არ ეძლევათ დაცვის უფლების განხორციელების საშუალება და არ არის დაცული კონფიდენციალურობა, ვინაიდან ისინი ექსპრეზიდენტს საავადმყოფოს შენობაში ტელეფონით ელაპარაკნენ.
ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.
ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ ექსპრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, ვინაიდან ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი აღჭურვილობა, ამასთან, მისი უსაფრთხოებაც არ იქნებოდა დაცული. გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფო შეამოწმა ომბუდსმენმაც და დაასკვნა, რომ აქ არ იყო პირობები პაციენტის მოსათავსებლად.
მიუხედავად ამისა, 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მაინც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პეიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი თავის ნივთებს ალაგებს და ციხის თანამშრომლებს თავისი ნებით მიყვება. უწყება ამტკიცებდა, რომ მისი გადაყვანა არ მომხდარა ძალადობრივად. თუმცა, ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მას მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ.
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უარი თქვა მანქანიდან გადასვლაზე, გადაათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გაათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.
გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში ექსპრეზიდენტს პატიმრებმა ე.წ შუმოკი მოუწყვეს - მას ერთხმად აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.