ადვოკატი ბექა ბასილაია ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას და სიმბოლურად 41-ლარიანი კომპენსაციის დაკისრებას ითხოვს.
ბასილაიას თქმით, საქმე ეხება რამდენიმე ადამიანს: ომის ვეტერანებს, ტაქსის მძღოლებს და მოვაჭრეებს, რომლებსაც ბრალად დესტაბილიზაციას და არეულობის მცდელობას სდებენ და "ხან სუს-ში, ხან კი სასამართლოში დაატარებენ". ბასილაია ამბობს, რომ ამ ადამიანებს შესახებ დეზინფორმაციას სწორედ ირაკლი კობახიძე ავრცელებს.
"მიმდინარე წლის ოქტომბერში, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე გზით, სხვადასხვა მედიის თუ ფეისბუქის გვერდის გამოყენებით გაავრცელა არსებითად მცდარი, სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაცია.
ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს და შეგვაქვს სამოქალაქო სარჩელი საქალაქო სასამართლოში, რომლითაც ირაკლი კობახიძეს მოეთხოვება უარყოს გავრცელებული მცდარი ინფორმაცია და ამ ხალხის წინაშე ბოდიში მოიხადოს. სარჩელი კოლექტიურია და მას ათობით ადამიანი აწერს ხელს, კობახიძემ მათ წინაშე ბოდიში მოიხადოს და ამავდროულად, ცრუ ინფორმაციისთვის საკომპესაციოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება სიმბოლურად, 41 ლარის ოდენობით", - თქვა ბასილაიამ.
მისი განცხადებით, შეუძლებელია, ამ სასამართლოს პირობებშიც კი, მას არ მოუწიოს ბოდიში მოხდა.
"ამავდროულად, მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივმართო, რომელიც იქცა „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სამსახურად, რომ ეს აბსურდული გამოძიებები შეწყვიტოს“, - ამბობს ბექა ბასილაია.