logo
ENG



ბასილაიას თქმით, სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას არ ეთანხმებიან

21 ოქტ 202112:28
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში პატიმრის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას არ ეთანხმებიან. როგორც ადვოკატი ამბობს, ხელისუფლებამ თავისსავე სიტყვებზე თქვა უარი და "სამარცხვინო ნაბიჯი" გადადგა.

ბასილაიას თქმით, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.

"რამდენიმე დღის წინ მათ თქვეს, რომ დაცვის მხარემ მიუთითოს ნებისმიერ კლინიკაზე თბილისში და მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას მოვახდენთ იქ. გუშინ კი მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის გაცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება 18-ე დაწესებულებაში.

ეს არის პირდაპირ იმ პრაქტიკის უარყოფა, რაც აქვს ციხის ადმინისტრაციასა და პენიტენციურ სამსახურს მთელი წლების მანძილზე. ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ. ახლა ამბობენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში უნდა იქნეს გადაყვანილი, სადაც არის ათასობით პატიმარი და მსჯავრდებული სხვადასხვა საქმეზე და იქ უნდათ მოაწყონ "შუმოვკები" და უნდათ დადგან პროვოკაციული სცენები", - ამბობს ბასილაია.

20 ოქტომბერს რუსთავი 2-ის ეთერში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში პაციენტი ჰოსპიტალიზებული იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. მისივე თქმით« აღნიშნულ დაწესებულებას შეუძლია მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 21-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად რამდენიმე დღის წინ ციხეში ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა. მათ პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს. 

სააკაშვილი მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 


close დახურვა