logo
ENG



ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა - გაერთიანებულ სამინისტროს შლიან

07 ნოე 201919:34
3 წუთის საკითხავი
 
vrmtyme2fkm1pro.jpg

კაჭრეთში „ქართული ოცნების“ პარტიული შეხვედრის მეორე დღეს დატოვა თანამდებობა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა - ამბობს, რომ საკუთარი ნებით. ბატიაშვილის წასვლის შემდეგ ახლა იმის დაშლას ელოდებიან, რაც დაახლოებით ერთი წლის წინ გააერთიანეს. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაყოფაზე განცხადება მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ გააკეთა. სტრუქტურული ცვლილებები სამინისტროში უკვე დაანონსდა. განათლების სამინისტროში თანამშრომლებმა არ იციან ისევ ერთ უწყებაში მოუწევთ მუშაობა თუ სხვადასხვა სამინისტროში გადანაწილდებიან.

დღესვე მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებიც დასახელდა. პირად სატელეფონი საუბარში განათლების მინისტრად დანიშვნა უარყო მაია მიმინოშვილმა, რომელიც ადრე გამოცდების შეფასების ცენტრს ხელმძღვანელობდა, ახლა კი „ქართულ ოცნებაში“ კადრების მიზიდვით არის დაკავებული. შესაძლო მინისტრობა უარყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბერდია შუკაკიძემაც. კომენტარს მედიასთან არ აკეთებს ბადრი მაისურაძე, რომელიც შესაძლოა, კულტურის მინისტრი გახდეს.

უმრავლესობაში სამინისტროს დაყოფას მიესალმებიან. დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ერთ უწყებაში ყოფნით დაზარალდა კულტურაც და განათლებაც. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ სამინისტროს დაყოფა უშედეგო იქნება. პოლიტიკოსები სტრუქტურულ ცვლილებას ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდას უკავშირებენ. დასახელებული კანდიდატების ვინაობას კი მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ, რადგან მათი აზრით, თანამდებობაზე მხოლოდ ივანიშვილის მორჩილი კადრები შეირჩევიან.

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები წლისა და  4 თვის წინ  გაერთიანდა და გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიხეილ ბატიაშვილი დაასახელა. „ქართული ოცნების“ მართველობის პირობებში ის უკვე განათლების მეხუთე მინისტრი იყო. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა მხოლოდ დასაწყისია.

მინისტრთა კაბინეტი, შესაძლოა, მალე ფინანსთა და ეკონომიკის უწყებების ხელმძღვანელ პირებსაც დაატოვებინონ.

 

 


close დახურვა