logo
ENG



ბაქრაძე: 2020-ის არჩევნები ყალბდება დღეს

14 ნოე 201915:35
3 წუთის საკითხავი
 
wl40x43u6fvqv6q.jpg

„ევროპული საქართველოს" წევრმა დავით ბაქრაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო" ყველანაირად ეცდება, რათა „ქართულ ოცნებას" მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარების საშუალება არ მისცეს.

როგორც ბაქრაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, „ევროპული საქართველო" დღეს, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე მთელი შემადგენლობით მივა. 

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა და მმართველმა გუნდმა ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა. დღეს მკაფიოდ მოვისმინეთ, რომ „ქართული ოცნება" არ უჭერს მხარს ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც მას წაგების პერსპექტივა ექნება, ხოლო ქართველ ხალხს ექნება საშუალება, რომ არჩევნების გზით გაიმარჯვოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ექნება ხალხის მხარდაჭერა. დღეს „ოცნების" სახეები ამბობდნენ, რომ დღევანდელი სისტემა უნდა დარჩეს, რადგან ამ სისტემით „ოცნება" მოიგებს მომავალ არჩევნებს.

მინდა მოქალაქეებს ესმოდეს, რომ ის რაც დღეს მოხდა თქვენი საარჩევნო უფლების წართმევაა. ის რაც დღეს მოხდა არის ივანიშვილის გუნდის უტიფარი განცხადება, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაფერს გიკეთებთ, 2020-ის არჩევნებზე გვექნება ის სისტემა, რომლითაც მოვიგებთ არჩევნებს და ქართველ ხალხს არ მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენი ნების გამოხატვით ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. ქართველ ხალხს უნდა ესმოდეს, რომ 2020-ის არჩევნები ყალბდება დღეს. გადამწყვეტი მომენტი დადგა ახლა. თუ „ოცნებას" მივეცით საშუალება გაიტანოს ეს სისტემა, 2020-ის არჩევნებსა და საქართველოს მომავალი არ ექნება. ჩვენი პოზიცია იქნება რადიკალური, სხვა არჩევანი ივანიშვილმა პოლიტიკურ სპექტრს არ დაუტოვა. ჩვენ გადავდგამთ ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ "ოცნებას" დღევანდელი არჩევნების სისტემით არჩევნების ჩატარების საშუალება არ მივცეთ. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, დღეს 19:00 საათზე იქნება არჩევნები და ყველა მივდივართ პარლამენტის წინ, რათა დავიცვათ ჩვენი მომავალი არჩევნები. ჩვენ მთელი შემადგენლობით ვიქნებით წარმოდგენილი საპროტესტო აქციაზე," - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.


close დახურვა