ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, პირობით პარტიულ სიაში წარდგენილი ადამიანებს რიგითობა იმიტომ არ აქვთ მინიჭებული, რომ საზოგადოებამ არჩევანი თავად გააკეთოს.
როგორც ფორმულას გადაცემა "კომენტარში" ბაქრაძემ განაცხადა, საბოლოო სია კანდიდატების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად დალაგდება, ვისაც მეტი ხმა ექნება, ის სიის სათავეში გადაინაცვლებს, ამას კი ამომრჩეველი გადაწყვეტს.
"დღეს საზოგადოებამ იხილა ის გუნდი, რომელიც ნამდვილად შეძლებს, იყოს მომავალი პარლამენტის დასაყრდენი, რომელიც ნამდვილად შეძლებს საქართველოში, გაატაროს გარდამტეხი ცვლილებები და რეფორმები. ჩვენს გუნდს აქვს გამოცდილება, ხედვა და კომპეტენცია, რათა ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან.
ვინ შევა ამ გუნდიდან პარლამენტში - ამას გადაწყვეტს, არა კაბინეტში შეკრებილი რამდენიმე ადამიანი, არამედ ამომრჩეველი. რა თქმა უნდა, გვექნება სია, რომელსაც წარვადგენთ ცესკოში, მაგრამ სია საბოლოო თანმიმდევრობით დალაგდება, კანდიდატების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად. ის კანდიდატი, რომელის მიიღებს მეტი ამომრჩევლის ხმას, ანუ ვისაც მეტი ადამიანი ენდობა და საზოგადოება ფიქრობს, რომ ის უფრო კომპეტენტურია, ის ადამიანი შედეგების შემდეგ გადაინაცვლებს სიაში ზემოთ და მოხვდება პარლამენტში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმით, აქამდე საქართველოში, პარტიული სიის შედგენა რამდენიმე ადამიანზე იყო დამოკიდებული, რაც საზოგადოებას არჩევანის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა.
"დღეს წარმოდგენილი სია პირობითია, რაც სიახლეა ქართულ პოლიტიკაში. მივეჩვიეთ, რომ სადღაც კაბინეტში, ერთი ან ორი ადამიანის მიერ იწერება სია და შემდეგ საზოგადოებას არჩევანის გაკეთების საშუალება აღარ აქვს ხოლმე. სხვა პარტიებს არ ვაკრიტიკებ, ხაზს ვუსვამ, ჩვენი პარტიის განსხვავებულობას. ჩვენ ხალხს ვთავაზობთ გუნდს, რომელიც სწორედ ხალხის არჩევანის მიხედვით დალაგდება. ვინც ხალხს უნდა, რომ იყოს პარლამენტში, ის იქნება პარლამენტში", - აცხადებს ბაქრაძე.
ევროპულმა საქართველომ საპარლამენტო გუნდი წარადგინა, თუმცა, სიაში რიგითობა არ დაუსახელებია.
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტის 120 მანდატი პროპორციული სიით შეივსება, 30 - მაჟორიტარულით.