ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, პასუხისმგებლობა ქართული ოცნების მხარესაა და ოპოზიცია მმართველი გუნდის წინადადებას ელოდება.
როგორც ბაქრაძემ ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოპოზიცია პასუხისმგებლიანად იქცევა და ეს მათ მიერ გაკეთებული შეთავაზებით [გაზაფხულზე ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები] დასტურდება, თუმცა, პოლიტიკოსის თქმით, ახლა გადაწყვეტილება მმართველმა გუნდა უნდა მიიღოს.
ბაქრაძემ ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრეს.
"დღეს გვქონდა კიდევ ერთი ძალიან გულახდილი და კარგი დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან და შექმნილი ვითარება არის მარტივი: ოპოზიცია, პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ცდილობს მოძებნოს გამოსავალი იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ხელისუფლებამ - გაყალბებული არჩევნებით. ასეთი გამოსავლის მოძებნას ცდილობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც. დღეს დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი და საითკენ შეიძლება წავიდეს პროცესები კრიზისის განსამუხტად. ამიტომ, ბურთი და პასუხისმგებლობა არის მთლიანად ქართული ოცნების მხარეს და ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებაც გამოიჩინეს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის წინაშე და ისე, როგორც ოპოზიცია ფიქრობს, და ჩვენი პარტნიორები ფიქრობენ, ოცნებაც დაიწყებს ფიქრს გამოსავლის მოძიებაზე, იმ კრიზისიდან, რომელშიც შეიყვანეს ქვეყანა. ჯერჯერობით ერთადერთი შეთავაზება არის ჩვენი - გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. ოცნებისგან ჯერ არაფერი მოგვისმენია და ველოდებით მათგან წინადადებებს - როგორ შეიძლება კრიზისი განიმუხტოს. უნდა განვიხილოთ აზრიანი წინადადება და არა რაღაც იმდაგვარი, რომ თურმე პარლამენტში ჩვენი სურვილის წინააღმდეგ უფლებამოსილებას არ შეგვიწყვეტენ. იმედი მაქვს, რომ ხელისუფება ელემენტარულ პასუხისმგებლობას გამოიჩენს ამ ქვეყნის მომავლის წინაშე", - განაცხადა ბაქრაძემ.
მან აგრეთვე პარტნიორების მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად პროცესში ჩართულობისა, გადაწყვეტილება მაინც ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ. ამ კონტექსტში ბაქრაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ხელისუფლების პასუხისმგებლობას ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
"ჩვენი მეგობრების როლი არ არის ჩვენს მაგივრად გამოსავლის მოძებნა. მათ შეუძლიათ იყვნენ შუამავლები, მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ შეთანხმება მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია მაგრამ გამოსავალი უნდა მოძებნონ ქართველმა პოლიტიკოსებმა, საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. ოპოზიცია ამ გამოსავალს ვთავაზობთ, ჯერო არის ქართულ ოცნებაზე", - ამბობს დავით ბაქრაძე.
დღეს, 20 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორებს ინდივიდუალურად ხვდებიან.
ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.
ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა.
ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ გუშინ, 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა.