logo
ENG



ბაქრაძე: თუ ჩვენ ყველაფერი მოვითმინეთ, გადავიქცევით ერთი ადამიანის საოჯახო მეურნეობად

18 ნოე 201918:12
3 წუთის საკითხავი
 
jmif6dk5fvejf5r.jpg

„ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ „ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, რომ როგორც არ უნდა დაარბიონ და დაშალონ ხალხი, პროტესტი გაგრძელდება. ბაქრაძის თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დემონსტრაციულად გამოიყენა ძალა.

„ეს არ არის ერთი კონკრეტული აქციის დაშლა, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ამ საზოგადოებას გადააყლაპოს ყველაფერი და მიაჩვიოს ხალხი, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც მას უნდა. 20 ივნისს ჩამოგვიყვანეს გავრილოვი, შემდეგ სისხლი დაღვარეს და პროტესტზე გამოსულ ადამიანებს თვალები დათხარეს. შემდეგ ის ადამიანი ვინც ეს გააკეთა პრემიერად დანიშნა. ამის შემდეგ გაცემული დაპირება, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავიდოდით გადააყლაპა საზოგადოებას. ახლა ყველა ეუბნებოდა - უცხოელები, პოლიტიკოსები, საზოგადოება ეუბნებოდა, რომ არ გამოეყენებინა ძალა, მაგრამ დემონტრაციულად გამოიყენა ძალა.

თუ ჩვენ ყველაფერი მოვითმინეთ, საერთოდ საზოგადოება არ ვიქნებით და გადავიქცევით ერთი მდიდარი ადამიანის საოჯახო მეურნეობად. ეს ბევრად მეტია, ვიდრე საარჩევნო სისტემა. ამას ჩვენ არ დავუშვებთ. რაც არ უნდა დარბევა იყოს, პროტესტები გაგრძელდება. ახლა ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას," - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ შეასრულა დაპირება და მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ რუსთველის გამზირზე დაიწყეს აქციები. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ, პოლიციამ 30-წუთიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ შესასვლელი გაათავისუფლონ. ულტიმატუმის ვადა 16:40 საათზე ამოიწურა.

ამის შემდეგ სპეცრაზზმა აქციის მონაწილეები დაშალა და რუსთაველის გზის სამანქანო გზა კარვებისგან გაათავისუფლა, ხოლო პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა.


close დახურვა