ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე შსს-ს მიერ თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციის შესახებ გავრცელებულ განცხადებას საზოგადოებივი აზრის მანიპულირების მცდელობად აფასებს.
"მე პოლიტიკოსი ვარ, არ მივცემ საკუთარ თავს უფლებას რომ გამოძიებაში ჩავერიო და ვერსიები წამოვაყენო, მაგრამ, როგორც ადამიანისთვის, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და საეჭვოა ეს განცხადება, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან შერჩევით, ძალიან სათავისო ფრაგმენტების ამოღებით, დაჟინებით უბიძგებს საზოგადოებრივ აზრს იქითკენ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა.
არ შეიძლება არ გაგახსენდეს მათი პირველი რეაქცია, როდესაც გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ, თურმე ფსიქოლოგი ჰყავდა თამარს. ფსიქოლოგის ყოლა არ ნიშნავს, რომ ადამიანი თვითმკვლელობისთვის ემზადება. არც ეს ფრაგმენტები არ ნიშნავს ამას", - ამბობს ბაქრაძე.
საქმე ეხება, შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თამარ ბაჩალიაშვილს გარდაცვალებამდე ინტერნეტში თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციები აქვს მოძიებული.
ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოები საზოგადოებრივი აზრის თვითმკვლელობის ვერსიისკენ წაყვანას ცდილობენ, რაც გამოძიების შესახებ საზოგადოებაში მეტ კითხვას აჩენს.
"როდესაც საგამოძიებო უწყება ასე დაჟინებით და სრულიად არაკომპეტენტურად და შერჩევითად გიბიძგებს რაღაც დასკვნისკენ, ეს ყოველთვის ბევრად უფრო მეტ ეჭვს აღძრავს საზოგადოებაში.
როდესაც ასე დაჟინებით მიბიძგებენ, რომ გინდა თუ არა რაღაც ვერსია ვიფიქრო, რა თქმა უნდა, ეჭვი მიჩნდება და პირიქით, აღარ ვიღებ იმ ვერსიას და პირიქით, მიჩნდება ეჭვი და პროტესტი, რომ ხომ არ არის ეს გაყალბება საქმის და ხომ არ არის ეს არასწორი მიმართულებით საზოგადოებრივი აზრის წაყვანა", - ამბობს ბაქრაძე.
შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებული არის გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები?
შსს-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide - რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის.