ევროპული საქართველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოება ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს სამ დღეში შეიტყობს. ბაქრაძის თქმით, ცვლილებები გავლენას არ მოახდენს საერთო ოპოზიციონირებაზე ოპოზიციის საერთო ამოცანებთან დაკავშირებით.
ბაქრაძის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიას, ისე როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, მუდმივად სჭირდება განახლება.
"როგორიც არ უნდა იყოს შიდა პარტიული გადალაგება ამ შემხვევაში, ის გავლენას არ მოახდენს საერთო ოპოზიციონირებაზე ოპოზიციის საერთო ამოცანებთან დაკავშირებით, კერძოდ, მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მიმდინარე ბრძოლა, პარლამენტის ბოიკოტი და პარლამენტში არ შესვლის ნიშნად დაწერილი განცხადებები, ვერანაირი შიდა პარტიული გადანაწილება ამ პრინციპულ საკითხზე გავლენას ვერ მოახდენს და ვერ შეცვლის, ბოიკოტი დარჩება ძალაში, ევროპული საქართველო დარჩება ოპოზიციურ ფლანგზე", - აცხადებს ბაქრაძე.
ამჟამად ევროპული საქართველოს პოლიტიკური მდივანი გიგი უგულავაა, თავმჯდომარე - დავით ბაქრაძე, პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი კი გიგა ბოკერია. ინფორმაცია პარტიაში ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ, 9 თებერვალს გავრცელდა.