logo
ENG



ბაქრაძე:ოცნებას ვუკლავთ პროპორციულის ჩაგდების შანსს, ვტოვებთ რურუას გათავისუფლების ფანჯარას

21 ივნ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

„ჩვენ დღეს კანონპროექტს ხმას ვაძლევთ პირველი მოსმენით იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ პროპორციულის ჩაგდების საშუალება და დავტოვოთ რურუას გამოშვების შანსი“, - ასე განმარტა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მეორე კენჭისყრის ჩატარებამდე, რურუა კვლავ პატიმრობაში იქნება, პარტია კანონპროექტს მხარს აღარ დაუჭერს და ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

„ჩვენ გავაგრძელებთ ხელისუფლებაზე ზეწოლას საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებით. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ პირველი მოსმენით იმისთვის, რომ არ მივცეთ პროპორციულის ჩაგდების საშუალება და დავტოვოთ რურუას გამოშვების შანსი, მაგრამ ეს არ არის ვითარების ნორმალიზაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ეს არ არის 8 მარტის შეთანხმება. ეს არის ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომ თავიდან ავიცილოთ მძიმე შედეგები. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ხელისუფლებაზე, პასუხისმგებლობა და ბურთი მას შემდეგ, რაც ჩვენ დღეს ხმას მივცემთ კანონპროექტს, მთლიანად არის გადასული ხელისუფლების მხარეს და თუ უნდათ ვითარების ნორმალიზაცია და საერთაშორისო ზეწოლის მოხსნა, უნდა გადადგან ერთ მარტივი ნაბიჯი - გამოუშვან გიორგი რურუა. ამის შემდეგ ჩვენ მეორე და მესამე მოსმენითაც მზად ვიქნებით, ხმა მივცეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. სწორედ ეს იქნება ვითარების ნორმალიზება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარება ნორმალიზებული ვერ იქნება და დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილება იქნება მხოლოდ პირველი მოსმენის გადაწყვეტილება, რომლითაც ერთი მხრივ „ქართულ ოცნებას“ მოვუკლავთ ნოემბრის გამეორების შესაძლებლობას და მეორე მხრივ ღიად ვტოვებთ ფანჯარას რურუას გათავისუფლებისთვის. დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, მათ აღარ ექნება შანსი, ხელი გამოიშირონ ოპოზიციისკენ, რომ რაღაც არის ოპოზიციის ბრალი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომისთვის ემზადებიან. პარლამენტარებმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს უნდა უყარონ კენჭი. საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიღწეული კონსენსუსის შედეგად, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში 30 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩევა, 120 კი პროპორციული სიით შევა პარლამენტში. როგორც აღინიშნა, „ევროპული საქართველოს“ წევრები სხდომათა დარბაზში შევლენ და პროექტს მხარს დაუჭერენ, რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციას - ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.


close დახურვა