ოპოზიციონერი დეპუტატები „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგი უგულავას, პოლიტპატიმარს უწოდებენ. როგორც უგულავას თანაგუნდელმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, მისი პატიმრობის უკან იკვეთება მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერესები.
„გიგი უგულავა გახდა პოლიტიკური სამიზნე, მაგრამ იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა მისი დაპატიმრება, ვფიქრობ, ოდნავ მაინც გონიერ ადამიანს აღარ უნდა დაუტოვოს კითხვის ნიშნები, რომ გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია. უგულავას პატიმრობის უკან, მკაფიოდ ჩანს ივანიშვილის ინტერესი. უგულავას პოლიტპატიმრობა ძალიან მალე აღიარებული იქნება ჩვენი უცხოელი მეგობრების მხრიდან და ამის ნიშნები უკვე არსებობს. მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ ციხეში მყოფი გიგი უგულავა თქვენთვის ბევრად უფრო საშიში იქნება, ვიდრე გარეთ მყოფი გიგი უგულავა“, - აცხადებს ბაქრაძე.
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ ივანიშვილი ცდილობს მაქსიმალურად აწიოს ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა.
„გიგი უგულავას საკითხი ცალსახად პოლიტიკურია და მე მგონი, ყველასთვის ნათელია. ივანიშვილი ცდილობს, მაქსიმალურად აწიოს პოლიტიკური ტემპერატურა და შექმნას დაპირისპირება ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის. ეს პოლიტიკური თამაში, რომელსაც ივანიშვილი ამ ქვეყანაში რამდენიმე წელია თამაშობს და გონია, რომ ამჯერადაც გამოუვა, მაგრამ ამჯერად არ გამოუვა“, - აცხადებს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა.
პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს.