აქტივისტები დღეს პარლამენტის პიკეტირებას აღარ მოახდენენ. ბაღდათში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამოქალაქო მოძრაობებმა, აქციის გამართვა და სირცხვილის კორიდორის მოწყობა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.
მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქრაშვილი აცხადებს, რომ ოთხი თებერვალი საქართველოში გლოვის დღე უნდა იყოს.
„ოთხი თებერვალი საქართველოში გლოვის დღე უნდა იყოს. მაშინ, როდესაც არა თუ პარლამენტი არ დაიწყებს რაიმე სულელური კანონის მიღებას, არა თუ რომელიმე მოძროაბა ან პოლიტიკური პარტია რაიმეს გააპროტესტესტებს, არამედ ყველა ერთად დავდგებით ამ ტრაგედიის ჟამს. ვილოცებთ დაღუპულთა სულებისთვის და ერთმანეთს პირობას მივცემთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, - განაცხადა მაქარაშვილმა.
„სირცხვილიას“ ანალოგიური პოზიცია აქვს მოძრაობა „გაბედესაც“.
„მოძრაობა „გაბედეს“ სახელით მინდა დიდი მწუხარება გამოვხატო ბაღდათში დატრიალებულ ტრაგედიაზე. ვიზიარებ, გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ტკივილს. ტრაგიკული ფაქტის გამო აქცია გადაიდება“, - განაცხადა მოძროაბის წევრმა ლაშა დიაროვმა.
პარლამენტის პიკეტირებას არც მოძრაობა „შეცვალე“ გამართავს.
„მოძრაობა „შეცვალე“ უერთდება გადაწყვეტილებას, რომ დღეს პიკეტი აღარ გაიმართება. ჩვენ მწუხარებას გამოვთქვავთ ტრაგედიის გამო და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი შემთხვევები სახელმწიფოში იკლებს“, - განაცხადა ქეთი გეთიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათში ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა - აქედან ოთხი მცირეწლოვანია.