logo
ENG



ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ცხედრები ამ დრომდე ქუთაისის პროზექტურაშია მოთავსებული

04 თებ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

 

ბაღდათის ცენტრში, ღამით გაჩენილ ხანძარს სამაშველო ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ, თუმცა სახლში მყოფებმა გარეთ გამოსვლა ვერ მოახერხეს. შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ოთხი მცირეწლოვანი.

უბედურ შემთხვევას გარდაცვლილი ბავშვების მამა და ბებია გადაურჩნენ, რომლებიც ტრაგედიის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ. ოჯახის აზრით აალება სანთლიდან მოხდა.

სოციალურად დაუცველი გორგოძეების 7 სულიანი ოჯახს მერიამ საცხოვრებელი სახლი გამოუყო, ადგილობრივების თქმით, სახლში არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ოჯახი იძულებული გახდა იმ სახლში გადასულიყო, სადაც 3 თებერვალს ხანძარი გაჩნდა. ასევე ადგილობრივების თქმით, ოჯახს მოხსნილი ჰქონდა სოციალური დახმარება.

ადგილობრივების ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოში უარყოფენ, სააგენტოს უფროსის მტკიცებით ისინი ოჯახს ყველაფრით უზრუნველყოფდნენ.

იმერეთის რწმუნებული ადასტურებს, რომ ოჯახს სოციალური დახმარება გადამოწმების მიზნით დროებით შეუჩერდა. ზვიად შალამბერიძის თქმით, ოჯახის ალტერნატიულ თავშესაფარში გადასვლის მიზეზი გაუსაძლისი პირობები არ ყოფილა.

გარდაცვლილი ბავშვებიდან ორი სპეციალური საჭიროების მქონე იყო. რატომ არ მოხდა მათი დროებით განრიდება იმ სახლიდან, სადაც მათი საჭიროებების დახმარება ვერ ხერხდებოდა - ამ კითხვით ფორმულამ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომუშავე ერთადერთ სოციალურ აგენტს მიმართა, რომელიც გორგოძეების ოჯახის მონიტორინგს ახორციელებდა. აგენტი ირწმუნება, რომ ამის საჭიროება ვერ დაინახა.

ტრაგედიის ადგილზე დღეს იმყოფებოდა პრემიერის მრჩეველი რეგიონალური მიმართულებით, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარ ტრაგედიაზე გავრცელებული ინფორმაცია ოპოზიციის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

გარდაცვლილთა ცხედრები ამ დრომდე ქუთაისის პროზექტურაშია მოთავსებული.  ამ დრომდე არ არის ცნობილი, სად გადაასვენებენ დაღუპულებს.

 


close დახურვა