logo
ENG



ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელიდან წაშლილი ინფორმაციის ნაწილი უკვე აღდგენილია

14 აგვ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

გენერალურ პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ საქმეში ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტები უკვე ჩართულები არიან. ოჯახის თქმით, მათ შოთაძემ ისიც შეატყობინა, რომ უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით, გარდაცვლილის წაშლილი მიმოწერა სოციალური ქსელიდან და მასალები Youtube-დან აღდგენილია. 

მთავარ საგამოძიებო უწყებაში გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახს დღეს Facebook-სა და Instagram-ის აღდგენილი ინფორმაციის ნაწილი გააცნეს. ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ მასალა მოცულობითია, თუმცა დარწმუნებულია, რომ საქმეში გაჩენილი ახალი ინფორმაცია გამოძიებას მკვლელობის ვერსიისკენ წაიყვანს.

ავტომობილის ექსპერტიზაში FBI-ის მონაწილეობა ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რჩება. ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცულ გარდაცვალების საქმეში ამ დრომდე მრავალი პასუხგაუცემელი კითხვაა. ოჯახს სურს გაეცნოს დრონის კადრებს, როგორ მიმდინარეობდა თამარის ძებნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. სავარაუდოდ სწორედ ამ კადრებს აჩვენებს პროკურატურა ბაჩალიაშვილებს მომავალ შეხვედრაზე, რომელიც ორშაბათს გაიმართება.


close დახურვა