logo
ENG



ბევრად მძიმე ვირუსები გადაუტანია საქართველოს - ლევან გოფოძე

01 მარ 202010:47
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე აცხადებს, რომ კლინიკა სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად. მედიკოსის თქმით, ქალაქის ცენტრში საკარანტინო ზონის მოწყობას არანაირი რისკი არ ახლავს თავს, რადგან კორონავირუსი წვეთოვანი გზით ვრცელდება. მისივე განცხადებით, აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა და სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში საავადმყოფოსთვის მიმართვა.

„რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაიყვანეს ყველა პაციენტი, დარჩენილია ექვსი პაციენტი, ვინც დღეს დატოვებს კლინიკას. საკარანტინო ზონაში შეგვიძლია 88 ადამიანის მიღება. გუშინ ღამე კლინიკაში მოიყვანეს 13 პაციენტი, რომლებსაც არ აღენიშნებათ მკვეთრად გამოხატული სიმპტომები. ისინი აქ არიან დაკვირვების მიზნით, მაგრამ კარანტინის წესები მოითხოვს, იყვნენ იზოლირებულნი. ღამის განმავლობაში იყვნენ სტაბილურად, ოთხ მათგანს აღენიშნა ტემპერატურა 37 - 37.2-ის ფარგლებში. დღეს ყველას ჩაუტარდება ინფექციონისტის გამოკვლევა. ეს პაციენტები იმყოფებოდნენ ინფექციურში და იქიდან გადმოიყვანეს აქ. საკარანტინო ზომები მიღებულია, ამაში გვეხმარება როგორც პატრული, ისე დაცვის პოლიცია. ზონები იზოლირებულია ერთმანეთისგან, ამიტომ მოხერხდა მათი გადმოყვანა. რაც შეეხება ზონის ქალაქის ცენტრში მოწყობას - რისკები არ არსებობს აქ საკარანტინო ზონის მოწყობასთან დაკავშირებით - კორონავირუსი ვრცელდება წვეთოვანი გზით, ამიტომ ამ ხალხის იზოლირება ქალაქგარეთ არაა საჭირო. სამაგიეროდ კომფორტულია ავადმყოფის პატრონთათვის მათი ქალაქის ცენტრში ყოფნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, უმნიშვნელოვანესია ჰიგიენის ნორმების დაცვა, ხელების დაბანა. მედ. პერსონალს, ვინც იღებს პაციენტებს, აცვია სპეციალური ტანსაცმელი. ტესტირებებს აკონტროლებენ ინფექციონისტები და როგორც კი იქნება საჭიროება, აქაც ჩატარდება გამოკვლევა. ამაზე ბევრად მძიმე მიმდინარეობს ვირუსები გადაუტანია საქართველოს. ეს ვირუსი აგრესიულობით არ გამოირჩევა, ახასიათებს სწრაფი განვითარება. როგორც ჩვენი ინფექციონისტები და ვირუსოლოგები აღნიშნავენ, ბევრად ნაკლებ საშიში ვირუსია. თანხმლები დაავადების მქონე პაციენტები უნდა იყონ ყურადღებით - როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას", - აცხადებს ლევან გოფოძე.

შეგახსენებთ, რომ ამ საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. სამივე ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


close დახურვა