logo
ENG



ბელარუსში პროტესტი არ წყდება - მინსკის ცენტრი კვლავ სპეცრაზმის ალყაშია

12 აგვ 202020:52
3 წუთის საკითხავი
 

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. აღნიშნულის გამო, მინსკის ცენტრი ამ დრომდე სპეცრაზმისა და მძიმე ტექნიკის ალყაშია.​ ლიეტუვა, პოლონეთი და ლატვია ბელარუსის ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგში შუამავლის როლის შესრულებას სთავაზობენ. 3-პუნქტიანი გეგმა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობის შეწყვეტას, დაკავებულთა გათავისუფლებას და ეროვნული საბჭოს ფორმირებას ითვალისწინებს.

არეულობის მესამე ღამეს სამართალდამცველების მთავარი სამიზნედ ჟურნალისტები იქცნენ. ძალოვნები მედიის წარმომადგენლებს განზრახ ესხმოდნენ თავს და კამერებს უმტვრევდნენ. აკრედიტაციის მიუხედავად, სამართალდამცველების ძალადობის მსხვერპლი გახდა ტელეკომპანია „ბიბისის“ გადამღები ჯგუფი და "ასოშიეითიდ პრესის" ფოტოგრაფიც. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში 50-მდე ჟურნალისტი დააკავეს.

გარდა ამისა, წუხანდელი შეტაკებების დროს დააპატიმრეს აქციის 1000-ზე მეტი მონაწილეც. სპეცრაზმელები დემონსტრანტებს საცხოვრებელი სახლების ეზოებამდე მისდევდნენ და ხელკეტებით სასტიკად უსწორდებოდნენ. სამართალდამცველებს შტურმი მიჰქონდათ სადარბაზოებზეც, რომლებსაც გაქცეული ადამიანები აფარებდნენ თავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისიც აღიარა, რომ ქალაქ ბრესტში მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა, საერთო ჯამში კი საავადმყოფოში 50-ზე მეტი დაშავებული გადაიყვანეს.

სახალხო პროტესტი ბელარუსში დღეს ახალ ეტაპზე გადადის. ქვეყნის მასშტაბით გზების ბლოკირება იგეგმება. აქციის ორგანიზატორები სატრანსპორტო სამსახურების თანამშრომლებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ და სპეც-ტექნიკის გადაადგილების შეზღუდვაში დაეხმარონ.

შექმნილი ვითარების ფონზე ალექსნადრე ლუკაშენკო მთავარ პრიორიტეტად ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სახელმწიფო ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას ასახელებს. ბელარუსის ლიდერს მიაჩნია, რომ საპროტესტო გამოსვლების მთავარი მიზეზი უმუშევრობაა, ამიტომ შესაბამის ორგანოებს პრობლემის მოგვარება დაავალა.

პოზიციის წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების გამო ევროკავშირი  ბელარუსთან ურთიერთობის გადახედვას აპირებს. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ  განვითარებულ მოვლენებს პარასკევს საგანგებო ვიდეო-კონფერენციაზე განიხილავენ. ონლაინ შეხვედრის მთავარი თემა ოფიციალური მინსკის წინააღმდეგ სანქციების დაწესება იქნება. 

 


close დახურვა