ონლაინ გამოცემა ,,ბელინგკეტი'' ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. საგამოძიებო ჯგუფის ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უკან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო განყოფილება „ვიმპელი" დგას. გამოცემების - „ბელინგკეტის“, „ინსაიდერისა“ და „შპიგელის“ ერთობლივი გამოძიების მიხედვით , საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციის ოპერაციისთვის აუცილებელი მხარდაჭერა უშუალოდ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა.
ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვადიმ სოკოლოვის, იგივე ვადიმ კრასიკოვის მობილური ტელეფონის ანალიზის საფუძველზე გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ის მუდმივად ესაუბრებოდა „ეფ-ეს-ბე-ს“ სპეციალური დანიშნულების ცენტრის ,,ვიმპელის'' დეპარტამენტის რვა ოფიცერს. ის ასევე არაერთხელ იმყოფებოდა რუსული სპეცსამსახურების სასწავლო ბაზებსა და სხვა შენობებში.
"ჰიპოთეზა, რომელიც უკავშირდება მკვლელობის კავშირს დანაშაულებრივ ჯგუფებთან, ჩეჩნეთის მმართველ რამზან კადიროვთან, ან თუნდაც უსაფრთხოების ყოფილი და ამჟამინდელი ოფიცრების მიერ პირად ანგარიშსწორებასთან, უნდა გამოირიცხოს" - წერია გავლენიანი საგამოძიებო ჯგუფის ანგარიშში“.
შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის პარკში საკონტროლო გასროლით 23 აგვისტოს მოკლეს. მკვლელი მალევე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდასხმამდე 6 დღით ადრე ის მოსკოვიდან ჯერ პარიზში, შემდეგ კი ვარშავაში ჩაფრინდა. ყველა მტკიცებულებას ძიება რუსეთისკენ მიჰყავდა. ამიტომ საქმე გერმანიის გენპროკურატურამ გადაიბარა.
ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო. მის მიმართ რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო. სწორედ კრემლის მორჩილებისა და ბიძინა ივანიშვილის მავნებლური პოზიციით ხსნის ოპოზიცია ხელისუფლების დუმილს.