თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ ლორთქიფანიძის ქუჩის N10-ში, სადაც გვიან ღამით ფერდი ჩამოიშალა, კორპუსი აღარ აშენდება, კომპანია კი 30 ათასი ლარით დაჯარიმდება. როგორც მან განაცხადა, პირველადი მოკვლევის შედეგად, ჩამოშლა სამშენებლო პროცესის არასწორად და არათანმიმდევრულად მართვამ გამოიწვია
"უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მთლიანი კორპუსის მოსახლეობა დროებით საცხოვრებლებში - სასტუმროებშია გაყვანილი. დღეს დილიდან პროცესში ჩაერთნენ დარგის ექსპერტები და პირველადი ვარაუდით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ფერდის ჩამოშლა განპირობებულია მშენებლობის პროცესის არასწორი და არათანმიმდევრული მართვით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერია არ შეეგუება არცერთი მშენებელი კომპანიის მიერ არასწორად და არათანმიმდევრულად ჩატარებულ სამუშაოებს", - აღნიშნა ბენდელიანმა.
მისივე თქმით, შემდგომი მოკვლევისთვის საქმე სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნებათ. გარდა ამისა, დაწყებულია პროექტირების ეტაპი, რომლის მიზანიც, ფერდის და საჭიროების შემთხვევაში, მის მიმდებარედ არსებული კორპუსის გამაგრებაა:
"თავიანთ საცხოვრებელ სახლებში მოსახლეობის დაბრუნება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც სრულად ვიქნებით დარწმუნებული, რომ ამ სახლში მათი ცხოვრება უსაფრთხოა. ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო და მოსახლეობა დავამშვიდო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება".