logo
ENG



ბენდელიანი მეწყერზე: უეცრადაც რომ ჩამოიშალოს ეს მასა, მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის

19 მარ 202114:34
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის მტკიცებით, ვაშლიჯვარი-მარშალ გელოვანის გზასთან, ფერდობზე მიწის ჩამოშლის შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნება. ამაზე მან დღეს, 19 მარტს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ეს არეალი დასახლებული არ არის. ამ მეწყრულ ზონაში და მის ქვევითაც დასახლებული ადგილი არაა. შესაბამისად, უეცრადაც რომ მოხდეს ამ მასის ჩამოშლა, მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის. 

წინასწარი დათვალიერებით რთულია ფართობის თქმა. მიმდინარეობს კვლევები, ეს კვლევები უახლოეს პერიოდში, ეს კვლევები მეტნაკლები სიზუსტით გვანახებს მდგომარეობას, რა მეპტრის ნაპრალებია", - ამბობს მერის მოადგილე. 

ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერიამ უკვე პირველ მარტს იცოდა, რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ ფერდობზე ნაპრალი გაჩნდა.

შესაბამისი ვიდეოკადრები ტელეკომპანიას ანონიმურმა წყარომ მერიიდან მიაწოდა. მისი თქმით, ეს ვიდეო მერიას 17 დღის წინ უკვე ჰქონდა, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში არაფერი მოუმოქმედებია. 

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე 18 მარტს გახდა ცნობილი. ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება. 

მეწყრულ პროცესებს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და გზის მიმდინარე სამუშაოებთან კავშირში არაა. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ამ საკითხის შესასწავლად მერიამ გერმანელი სპეციალისტები მოიწვია. 

გეომორფოლოგი ლაშა სუხიშვილი, რომელიც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ მიმდინარე სამშენებლო პროცესების გამო ფერდობს საყრდენი გამოეცალა და, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია მეწყერი.

  • რა ხდება ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად იხილეთ აქ.

close დახურვა