logo
ENG



ბენდელიანი მეწყერსა და ევაკუაციაზე: თუ საფრთხე იარსებებს, მივიღებთ პრევენციულ ზომებს

26 მარ 202114:27
3 წუთის საკითხავი
 
ბენდელიანი მეწყერსა და ევაკუაციაზე: თუ საფრთხე იარსებებს, მივიღებთ პრევენციულ ზომებს

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის მიმდებარედ მეწყრული პროცესების განვითარების მიუხედავად მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს.

ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, მერია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს პრევენციული ზომები, თუმცა ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.

„რაც შეეხება მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონას, სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით დაიდო პირველადი გეგმა და ვიწყებთ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას.

პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა, გავაკეთოთ დროებითი წინაღობა, რათა მეწყრის მოძრაობა შევამციროთ. ასევე, მომავალ კვირის ბოლოს, დამონტაჟდება უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ მეწყრული ფერდის გამაგრებითი სამუშაოები.

რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხოებას, ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ საფრთხე შეიქმნება, დაუყონებლივ იქნება მიღებული პრევენციული ზომები. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს მუდმივი, უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ აქვთ ყველა ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ევაკუაციის გეგმა შედგენილია შესაბამისი სამსახურების მიერ. ამ სამსახურებთან მჭიდრო კომუნიკაციით გეგმა არის, მაგრამ გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. ბოლომდე მართვად სისტემასთან არ გვაქვს შეხება, მეწყერი პროგრესირებს და ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ.", - განაცხადა ბენდელიანმა.

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა. თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.

ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება. 

რა ხდება ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა