არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე უმრავლესობის პრეს-სპიკერის მამუკა მდინარაძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება მზად არის ტროლების აღმოსაფხვრელად, გარკვეულ რეგულაციებზე მუშაობა დაიწყოს.
ბენიძე მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის რეგულაციები არაფრისმომცემი იქნება, რადგან ისინი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის ჩახშობას მოემსახურება.
"ჩვენ ვაცხადებდით, რომ რეგულაციებით რთულია ფეხი აუწყო თანამედროვე სოციალურ გამოწვევებს. ეს მოძველებული მიდგომაა, თუ ჰგონია ვინმეს, რომ რეგულაციებით შეძლებს რამე დაალაგოს. იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი რეაქცია იქნება ადეკვატური. რომ გვქონდეს რწმენა იმისა, რომ ხელისუფლება კეთილად გამოიყენებს ამ რეგულაციებს და სათანადოდ გამოიკვლევს სიტუაციას, მაგრამ იმ პირობებში როდესაც ვიცით, რომ სასამართლო არ გამოხატავს ხალხის ინტერესს და ხელისუფლება თვითონ არის კავშირში, ერთადერთი რასაც იზამენ შეიძლება რამე გამოიკვლიონ. ცილს დასწამებენ თქვენნაირ ტელევიზიებს, რომ ისინი თურმე ავრცელებენ ყალბ ამბებს და როდესაც მათი მხარდამჭერები გაავრცელებენ ამორალურ გზავნილებს, ამას ვერ მიაგნებენ და იტყვიან, რომ ეს ანონიმურად იდება და ვერაფერს იზამენ. ეს იქნება კრიტიკის ჩახშობა“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება. განცხადების თანახმად, მთავრობა მზადაა, დაიწყოს რეგულაციებზე მუშაობა გარკვეული ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ. მისივე განცხადებით, მთავრობას ნახსენებ ანგარიშებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ პარტიებზე მიანიშნებს და წერს, რომ ინფორმაციის რეგულირების წინააღმდეგ ისევ მათი მოწინააღმდეგეები იქნებიან.