ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ბეჟაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო "ქართული ოცნების გაგრძელებაა".
"ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რასაც ქართული ოცნება დაწერდა. დღეს საკონსტიტუციო სასამართლო რეალურად არის ქართული ოცნების გაგრძელება, სასამართლო კლანის გაგრძელება. მათი წევრებით არის დაკომპლექტებული, ამიტომ დიდი მოლოდინი არ არსებობდა, რომ ისინი [მოსამართლეები] სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.
ჩვენ ქვეყანაში აღარ დაგვრჩა, ეს გადაწყვეტილება ამის დასტურია, რაიმე დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაფერი ექვემდებარება ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ვერტიკალს, ამ რუსულ ოცნებას. შესაბამისად, აღარ არსებობს ქვეყანაში ორგანო, რომელიც ობიექტურ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდა", - ამბობს ბეჟაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
პროცესი ახლა პარლამენტში გადავა, სადაც კენჭს უყრიან ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. პრეზიდენტის გადაყენებას 100 ხმა სჭირდება.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.
სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.