ბერლინის კინოფესტივალის კინობაზრობაზე ეროვნული კინოცენტრის სტენდის დელეგაციას კიდევ 2 ადამიანი დაემატა.
გამოცემა პუბლიკა წერს, რომ დელეგაციას დაემატა პროდიუსერი ვერონიკა გაბრიაძე, რომელიც დელეგაციაში კინოექსპორტის სპეციალისტად არის გაფორმებული და ირაკლი ბერიძე, რომელიც სიაში რეჟისორის სტატუსით არის. ბოლო მონაცემებით, საბიუჯეტო ორგანიზაციის სტენდს 34 მონაწილე ეყოლება, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა.
ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინო-ბაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის დელეგაცია წარადგენს.
გამოცემა პუბლიკამ EFM-ის ვებგვერდზე დაყრდნობით დაწერა, რომ ოფიციალური წარმომადგენლების სიაში პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე არიან.
ამასთან, ოფიციალური წარმომადგენლების სიაში არიან თავად კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაც, კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი და პროპაგანდისტული POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია.
დელეგაციის 11 წევრი, მათ შორის გური სულთანიშვილიც, კინოექსპორტის სპეციალისტად/მენეჯერადაა გაფორმებული. რაც შეეხება ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს - მას კინოცენტრი გზავნის, როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს.