logo
ENG



ბერლუსკონი პუტინზე: მეჩვენებოდა, რომ დემოკრატიისა და მშვიდობის კაცი იყო...რა დასანანია

10 აპრ 202201:16
3 წუთის საკითხავი
 

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საქციელით "იმედგაცრუებული და დამწუხრებულია".

ბერლუსკონიმ, რომელიც წლების განმავლობაში პუტინთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩეოდა, აღნიშნა, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრისთვის მთელი მსოფლიოს წინაშე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

"მე ის 20 წლის წინ გავიცანი და ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ დემოკრატიისა და მშვიდობის კაცი იყო...რა დასანანია. მე არ შემიძლია და არ მინდა დავმალო ჩემი იმედგაცრუება და წუხილი ვლადიმერ პუტინის საქციელთან დაკავშირებით, რომელმაც მთელი მსოფლიოს წინაშე დიდი პასუხისმგებლობა აიღო. ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სასტიკ, მასობრივ მკვლელობებზე, რაც სამხედრო დანაშაულია, რუსეთს არ შეუძლია უარყოს თავისი პასუხისმგებლობა. პირიქით მის ინტერესშია დაადგინოს და პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი. ეს ქმედებებია, რომლებიც კანონისა და მორალის თვალსაზრისით, ომშიც კი მიუღებელია", - აღნიშნა ბერლუსკონიმ რომში კონსერვატიული პარტიის შეკრებაზე.

ბერლუსკონიმ 2015 წელს პუტინს „მსოფლიო ლიდერებს შორის უდავოდ ნომერ პირველი [ლიდერი]" უწოდა. მას ასევე ნათქვამი აქვს, რომ პუტინი მისი უმცროსი ძმაა.

85 წლის სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრემიერმინისტრის პოსტს რამდენჯერმე : 1994-1995, 2001-2006 და 2008-2011 წლებში იკავებდა.


close დახურვა