logo
ENG



ბესელია: არ შეიძლება სასამართლო ხელისუფლებას მართავდეს ორი, სამი ან ხუთი ადამიანი

05 დეკ 201914:32
3 წუთის საკითხავი
 
ke1olo00cer658g.jpg

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ეკა ბესელიას მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი უნდა განიხილოს. დადგენილება, შექმნილი ვითარების შეფასებას ითვალისწინებს და პარლამენტს ავალდებულებს, მოძებნოს გამოსავალი. ბესელია მიიჩნევს, რომ სისტემა კლანის მიერ იმართება.

„ეს გულისხმობს სისტემური პრობლემის შეფასებას და შემდეგ ვალდებულებას, რომ კონკრეტულ ვადაში, თებერვლის თვეში უნდა იყოს სპეციალური კომისია, რომელიც კონკრეტულად დადებს დასკვნას, რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ კლანური მმართველობა სასამართლოში დასრულდეს. არ შეიძლება სასამართლო ხელისუფლებას მართავდეს ორი, სამი ან ხუთი ადამიანი. ეს უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი შტო იმიტომ, რომ რეპრესიების განხორციელების ყველაზე ძლიერი ბერკეტი აქვს სწორედ სასამართლოს. ჩვენ მომავალს სჭირდება, რომ სასამართლო იყოს სრულიად დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას მოლოდინებს არ იზიარებენ უმრავლესობაში. ისინი არ აპირებენ, რომ მხარი დაუჭირონ ამ დოკუმენტს, რომელიც მმართველი გუნდის წევრების თქმით, პოლიტიკური შინაარსისაა და მომზადებულია ადამიანების მიერ, რომლებიც მუდმივად ესხმიან თავს სასამართლოს.

„ეს არის წმინდა სახის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ეს დოკუმენტი ჩემგან გაზიარებული ნამდვილად არ იქნება. ამას ითხოვენ ის ჯგუფები, რომელსაც მიზანმიმართული შტურმი მიაქვს სასამართლოზე. სასამართლოში არის პროგრესი,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.

ეკა ბესელიასთან ერთად ეს დოკუმენტი კვალიფიციური იურისტების მიერ არის მომზადებული. მასში კონკრეტულად არის გაწერილი თარიღები, როდის უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობას დაიწყებს და როდის უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც პარლამენტმაც უნდა შუწყოს ხელი.

 

 


close დახურვა