„მათ აბსოლუტური გარანტია ჰქონდათ მიღებული რომ ეს სია გავიდოდა და ვერ წარმოედგინათ რომ ამხელა წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ ჩემი მხრიდან“,-ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ეკა ბესელია, უვადო მოსამართლეების სიის ჩაგდების საკითხს.
აღნიშნულ თემაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გადაცემაში სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ ისაუბრა. ბესელიას თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრებს ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტური გარანტია ჰქონდათ იმის, რომ სია პარლამენტში გავიდოდა.
„ჩემთვის პრინციპული იყო რომ ეს სია არ უნდა გამოსულიყო იურიდიულ კომიტეტზე, არ შეიძლებოდა გადმოგდებული სიის ნაგლეჯი, რომელიც იუსტიციის საბჭომ გადმოუგდო პარლამენტს და მათ აბსოლუტური გარანტია ჰქონდათ მიღებული რომ ეს სია გავიდოდა და ვერ წარმოედგინათ რომ ამხელა წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ მე ალტერნატივაც მქონდა, მაგალითად ის რომ სიას თუ გამოვიტანდი კომიტეტზე, მე შემეძლო და მქონდა არჩევანის შესაძლებლობა, რომ მე წინააღმდეგი ვარ ამ სიის და არ მიმეცა ხმა, მაგრამ ის სია გავიდოდა, ამიტომ იყო ჩემი პოზიცია ბევრად უფრო რთული“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.