logo
ENG



ბესელია: პრეზიდენტის გამოსვლა სახელისუფლებო პოზიციის დამცველისას უფრო ჰგავდა

04 მარ 202017:35
3 წუთის საკითხავი
clock 732

„ზურაბიშვილის გამოსვლა სახელისუფლებო პოზიციის დამცველის უფრო იყო,“ - ამ განცხადებით დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას აფასებს. მისი განცხადებით, პრეზიდენტს ზეპარტიული განცხადებები რომ გაეკეთებინა, მაშინ მართლმსაჯულების თემაზე ისეთი შეფასებები იქნებოდა, როგორიც აქვს ევროკავშირს და ევროსაბჭოს.

„უფრო მეტად იყო სახელისუფლებო პოზიციის დამცველი ვიდრე ნეიტრალური და ობიექტური. ზეპარტიული რომ ყოფილიყო მაშინ ისეთივე შეფასებებს მოვისმენდით მართლმსაჯულების თემაზე, როგორიც აქვს ევროკავშირს, ევროპის საბჭოს და არ მოვისმენდით იას, რასაც მმართველი პარტია გველაპარაკება, რომ თურმე კარგი დინამიკა გვაქვს და მარტო სკოლის რეფორმა სჭირდება რაც ხდება სასამართლოში. ეს ჩემთვის ყველაზე უმწვავეს საკითხზე არასწორი შეფასება იყო. როდესაც სთავაზობ პოლიტიკურ დიალოგს ოპოზიციას და ამბობ, რომ ზეპარტიული ხარ, ამას სჭირდება ნდობა, და ამ ნდობას დაეხმარებოდა ის, რომ ამ გამოსვლაში კრიტიკული ყოფილიყო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგა. პრეზიდენტმა ქვეყნის ძირითად გამოწვევებზე, მათ შორის ოკუპაციაზე, სასამართლო რეფორმასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესწრნენ.

პარლამენტში შემავალმა სამივე ოპოზიციურმა პარტიამ - ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და პატრიოტთა ალიანსმა ბოიკოტის რეჟიმი შეინარჩუნა და პროტესტის ნიშნად პრეზიდენტის მოხსენებას არ დაესწრო. ხელისუფლების ოპონენტები ზურაბიშვილს ივანიშვილის ხელდასმულ მმართველად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებსა და მოვლენებს არ ეხება, ამიტომ სხდომაზე მისვლას აზრიც არ აქვს.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა გამართეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია და ის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს, რითაც ქვეყანას აზიანებს.


close დახურვა